სამართლის სკოლა

სამართლის სკოლის მიზანი და ამოცანები

სამართლის სკოლის მიზანია უმაღლესი იურიდიული განათლების სამივე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) უზრუნველყოს თითოეული საფეხურის შესაბამისი (ადეკვატური) დონის სპეციალისტის მომზადება, რაც გულისხმობს სტუდენტების, როგორც თეორიულ-პრაქტიკული ინფორმაციით (ცოდნით) აღჭურვას, ისე სამეცნიერო-კვლევითი უნარჩვევების შესწავლა/გამომუშავებას, უმაღლესი იურიდიული განათლების თითოეული საფეხურისათვის დადგენილი ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ამ ეტაპზე სამართლის სკოლაზე მოქმედებს სამართლის საბაკალავრო პროგრამა. პროგრამის მიზანია სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე კვალიფიციური სპეციალისტის მომზადება, მისთვის საზოგადოებრივ და სახელმწიფოს ცხოვრებაში სამართლის ფუნქციების შესწავლის, იურიდიული კვლევისა და სხვა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების გზით. პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტებისათვის სამართლებრივი საკითხების გაგების, გაანალიზებისა და მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების სწავლებას, რაც ემსახურება თეორიული ცოდნით და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი, ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციების მქონე იურისტის მომზადების მიზანს.

სამართლის საბაკალავრო პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტისათვის სამართლებრივი საკითხების ცოდნა-გაცნობიერებისა და მიღებული ცოდნის გამოყენების სწავლებას. სტუდენტი დაეუფლება იურისტისათვის აუცილებელ მეთოდებს და შეიძენს სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, კომუნიკაციისა და სწავლების უნარს. პროფესიული ეთიკისა და სამართლებრივი ღირებულებების დასამკვიდრებლად სწრაფვის უნარს.

ამ მიზნ(ებ)ის მისაღწევად სტუდენტს მიეწოდება სპეციალური ცოდნა სამართლის რაობის, მეთოდებისა და ისტორიის, საჯარო სამართლის, კერძო სამართლის, სისხლის სამართლისა და საერთაშორისო სამართლის სპეციალიზაციათა (მოდულები) სასწავლო დისციპლინების ფარგლებში. სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ როგორც კვლევით, ისე პრაქტიკულ საქმიანობაში (ისწავლიან იურიდიული შინაარსის მქონე დოკუმენტების შედგენას), გაივლიან პრაქტიკას (სტაჟირებას) მათი ინტერესების შესაბამისად საჯარო, კერძო და არასამეწარმეო სექტორებში მოქმედ ორგანიზაციებში (დაწესებულებებში).

სამართლის ბაკალავრს შეუძლია საქმიანობის განხორციელება საჯარო, კორპორაციულ, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში.  იმისთვის, რომ სამართლის ბაკალავრის ხარისხის მქონემ შეძლოს ადვოკატის, პროკურორის ან მოსამართლის პროფესიით საქმიანობა, მან უნდა გაიაროს სპეციალობაში შესასვლელი გამოცდები.

დასაქმების სფერო განისაზღვრება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის საფეხურის დასრულების შესაბამისად. ცალკეულ პროფესიაში „შესვლის“ წინაპირობაა სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდა.

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს ექნება შესაძლებლობა, იმუშაოს ნებისმიერ იმ თანამდებობაზე, სადაც არ მოითხოვება სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. ამავე დროს, საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული უფლებამოსილია, სწავლა განაგრძოს სამაგისტრო პროგრამით, რომელიც ორიენტირებულია შემდგომი დონის სპეციალისტის მომზადებაზე.


© 2013 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.
საიტი დამზადებულია ITDC–ს მიერ
საიტის განახლების თარიღი  :   2013-06-18