ინსტიტუტის შესახებ

შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის მიზნები უკავშირდება ლიტერატურისმცოდნეობითი კვლევების და, შესაბამისად, საერთო ინტელექტუალურ-კულტურული ინტერესების გაძლიერებას საქართველოში, ლიტერატურულ-კულტურული და საზოგადოებრივი რეალობისადმი ანალიტიკური დამოკიდებულების ინტენსფიკაციას,  ქართულ ლიტერატურისმცოდნეობით აზროვნებაში საერთაშორისო თეორიული მიღწევების (მიდგომებისა და მეთოდოლოგიების) ადაპტაციას, მათ გამოყენებას ქართული ლიტერატურულ-კულტურული მემკვიდრეობის კვლევების გასაფართოებლად, ინტერსდისციპლინარული კვლევების გაფართოებას, ქართული ლიტერატურისმცოდნეობითი კვლევების ინტერნაციონალიზაციას. ინსტიტუციური მიზანია ლიტერატურულ-კულტურულ სფეროში თანამედროვე ტიპის, საქართველოში და სართაშორისოდ აღიარებული მეცნიერული გარემოს შექმნა.

შედარებითი ლიტერატურა  დღესდღეობით პოპულარული ლიტერატურისმცოდნეობითი დისციპლინაა. შედარებითი ანალიზის, როგორც დარგის საყრდენი  პრინციპის გამოყენებით ის ავითარებს ლიტერატურის / კულტურის შესწავლის მრავალფეროვან პრაქტიკას და საშუალებას იძლევა, ეს პრაქტიკა მიიმართოს მსოფლიოს ლიტერატურულ-კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და პოპულარიზაციის მიზნებისადმი. თავისთავად შედარებითი მიდგომის გამოყენებით კი სააზროვნო-შემოქმედებით და, შედეგად, საზოგადოებრივ დონეზე ხდება ისეთი გლობალური ამოცანების გადაჭრა, როგორიცაა კულტურული იზოლაციის დაძლევა, ზოგადი კულტურულ-ჰუმანისტური კავშირების გამოვლენა, ამ ფონზე, ერთი მხრივ, კონკრეტული კულტურის უნიკალობის კვლევა და, მეორე მხრივ, კულტურათშორისი და დარგთაშორისი კავშირების გაძლიერება და კულტურის გამდიდრების პროცესის ხელშეწყობა. დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებში შედარებითი ლიტერატურის დეპარტამენტები/პროგრამები საუნივერსიტეტო გარემოში მულტიკულტურულობის, ინოვაციურობის კერებია. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის ამოქმედებით ქართული უნივერსიტეტის კვლევითი პრაქტიკა შესაბამისობაში მოდის ევროპის და მსოფლიოს უნივერსიტეტების ერთ-ერთ პოპულარულ და კარგად განვითარებულ სასწავლო/კვლევით ტრადიციასთან. ქართული ლიტერატურის შესწავლის ამოცანებთან მიმართებაში შედარებითი კვლევების გავრცობა აფართოებს კულტურული იზოლაციის დაძლევის, ქართული კულტურის კონტექსტუალიზაციის, ქართული ლიტერატურულ-კულტურული ფასეულობებისათვის საერთასორისო რეზონანსის მიცემის, კვლევის თანამედროვე მეთოდებით ქართული ლიტერატურის შესწავლის საშუალებებს. შედარებითი ლიტერატურის, როგორც დიციპლინის მრავალფეროვანი შესაძლებლობები და, მეორე მხრივ, ინსტიტუტის ფორმატი საშუალებას მოგვცემს, ადამიანური რესურსებისა და მეცნიერული ინტერესების შესაბამისად, პროგრამის ქოლგის ქვეშ დაიგეგმოს და განხორციელდეს ახალი პროექტებიც.


© 2013 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.
საიტი დამზადებულია ITDC–ს მიერ
საიტის განახლების თარიღი  :   2013-06-18