|
|
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფაკულტეტია. აქ სწავლა საინტერესო იქნება ყველასთვის, ვისაც:
- სურს, შეისწავლოს ბუნებრივი მოვლენები,
- უყვარს ლიტერატურა, ხელოვნება, თეატრი და მუსიკა,
- სურს, გაერკვეს თანამედროვე სამყაროში მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ პროცესებში,
- სურს, გაეცნოს უცხო ქვეყნების ისტორიას, ენასა და ტრადიციებს,
- სურს მომავალში მასწავლებლობა და ახალი თაობის აღზრდაში მონაწილეობა,
- ან ჯერ ვერ გადაუწყვეტია, რა იზიდავს ყველაზე მეტად, და ფართო განათლების მიღება ურჩევნია.
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროგრამების მიზანია, სტუდენტს მისცეს, ერთი მხრივ, ფართო განათლება, გამოუმუშავოს ინტერდისციპლინური ხედვა, შესწავლის, გაცნობიერების, გააზრებული დასკვნების გამოტანისა და ცოდნის სწრაფად განახლების უნარი, მეორე მხრივ კი, ღრმა ცოდნა სტუდენტის მიერ არჩეულ რომელიმე კონკრეტულ სფეროში. ამიტომ სწავლება აქ ლიბერალური განათლების პრინციპებზე დაყრდნობით ხორციელდება, რაც სტუდენტის დამოუკიდებელი არჩევნის თავისუფლებას გულისხმობს და მომავალი პროფესიის გააზრებული არჩევისა და, შესაბამისად, წარმატების მიღწევის საფუძველია.
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი მაქსიმალურად უზრუნველყოფს სტუდენტისათვის აკადემიური თავისუფლებას და არჩევითობის პრინციპის დაცვას. პირველი და მეორე სემესტრების განმავლობაში სტუდენტი გაივლის ზოგად საგნებს, როგორებიცაა თანამედროვე აზროვნების შესავალი, მათემატიკა, კომპიუტერის საბაზისო კურსი, დაეუფლება ინგლისურ ენას, აკადემიურ წერას, პრეზენტაციის, კომუნიკაციისა და დისკუსიის ტექნიკებს, საინფორმაციო წიგნიერებას. ზოგადი საგნების გავლის შემდეგ სტუდენტს შეუძლია, აირჩიოს ერთი ან ორი დარგი, რომელიც მისთვის უფრო საინტერესოა და მომდევნო 6 სემესტრის განმავლობაში შესაბამისი მიმართულებით გაიღრმავოს ცოდნა და მიიღოს ბაკალავრის ხარისხი.
ფაკულტეტი სთავაზობს სტუდენტებს საბაკალავრო და პროფესიული უმაღლესი განათლების პროგრამების ძალიან ფართო სპექტრს: ევროპისმცოდნეობა, პოლიტიკური მეცნიერებები, სოციოლოგია, ფილოსოფია, გამოყენებითი ფსიქოლოგია, მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ხელოვნების ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და ლიტერატურა, გერმანული ენა და ლიტერატურა, რომანული ფილოლოგია (ფრანგული / ესპანური / იტალიური), რუსული ენა და ლიტერატურა, აღმოსავლური ენა და ლიტერატურა (ებრაული / თურქული / სპარსული/ აზერბაიჯანული), გამოყენებითი ხელოვნება, მსახიობის ოსტატობა, სპეციალური განათლება და ინკლუზია, ხელოვნების დარგების დიდაქტიკა (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა), უცხო ენების მასწავლებელი, დაწყებითი სკოლის მასწავლებელი, სკოლამდელი აღზრდის პედაგოგიკა და ფსიქოლოგია.
ბაკალავრიატი სტუდენტს აძლევს შრომით ბაზარზე კვალიფიციური სამუშაო ადგილის მიღებისა და შემდგომი კარიერული ზრდის შესაძლებლობას (ყოველი მესამე სტუდენტი დასაქმებულია ჯერ კიდევ ბაკალავრიატში სწავლის დროს, მათ შორის თითქმის ნახევარი მუშაობს სპეციალობით), ასევე ამზადებს უმაღლესი განათლების შემდგომ საფეხურზე, მაგისტრატურაში სწავლის წარმატებულად გაგრძელებისათვის.
საკონტაქტო ინფორმაცია: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ოთახი A 201 ილია ჭავჭავაძის პრ. 32, 0162 თბილისი ტელ.: 29 46 12 ელ-ფოსტა: arts_sciences@iliauni.edu.ge ვებ-გვერდი: www.iliauni.edu.ge
|