თანამედროვე პოპულარული მიმდინარეობების თეორია და პრაქტიკა

თანამედროვე პოპულარულ მიმდინარეობებში ნაგულისხმევია დღევანდელობის ისეთი მნიშვნელოვანი მუსიკალური მიმართულებები, როგორიცაა ჯაზი, როკი და პოპ-მუსიკა.  ყველა ეს მიმდინარეობა მეოცე საუკუნეში ჩამოყალიბდა.  მათ საკუთარი ტრადიციები, საშემსრულებლო ხერხები და განსაკუთრებული დამახასიათებელი თვისებები გააჩნიათ.  ამას შეისწავლის მიმართულება „თანამედროვე პოპულარული მიმდინარეობების თეორია და პრაქტიკა“. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველია საქართველოში, რომელიც სტუდენტებს მუსიკალური ხელოვნების ამ უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი მიმდინარეობების საბაკალავრო დონეზე შესწავლას სთავაზობს. მიმართულება „თანამედროვე პოპულარული მიმდინარეობების თეორია და პრაქტიკა“ შეიცავს რამდენიმე მოდულს.  ესენია:

1. „თანამედროვე სიმღერა - როკი და პოპი“
პოპ-მუსიკა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.  სხვადასხვა ქართველი თუ უცხოელი მომღერლის მიერ შესრულებულ პოპ-სიმღერებს ვისმენთ ყველგან და ეს ხელოვნება ფაქტიურად ჩვენი ყოფის თანხლებადაა ქცეული.  როკი ჭეშმარიტად ახალგაზრდების მუსიკაა, საოცარი დადებითი ენერგეტიკის მატარებელი, მძლავრი, ნათელი, ქმედებისკენ მომართული.  ბუნებრივია, რომ პოპ-სიმღერების და როკის ნაწარმოებების შესასრულებლად აუცილებელია მათი ჩამოყალიბების და განვითარების ისტორიის, ესთეტიკის, დამახასიათებელი თვისებების და საშემსრულებლო ტექნიკის ელემენტების, მათი განსაკუთრებული მელოდიური და ჰარმონიული თავისებურობების ცოდნა.  ამ ცოდნის მიღებას თქვენ მოდულის „თანამედროე სიმღერა - როკი და პოპი“ არჩევით შეძლებთ.  მოდულში შემავალი კურსების გავლის შედეგად თქვენ:
•    დაეუფლებით სასიმღერო პროფესიული ტექნიკის საფუძვლებს
•    შეისწავლით ბლუზის, როკის და პოპ-მუსიკისთვის დამახასიათებელ საშემსრულებლო ხერხებს
•    გაეცნობით აღნიშნულ მიმდინარეობებში გამოყენებად მელოდიკო-ჰარმონიულ თვისებებს
•    დაეუფლებით ანსამბლური სიმღერის ტექნიკას და გამომსახველობის ხერხებს
•    მიიღებთ სასიმღერო რეპერტუარის შერჩევისა და შექმნის საბაზო ცოდნას
•    მიიღებთ სასცენო-საკონცერტო გამოცდილებას.

2. „თანამედროვე სიმღერა - ჯაზი“
ჯაზი მკაფიო ტრადიციების მქონე, საკმაოდ რთული, მაგრამ უაღრესად საინტერესო მუსიკალური მიმართულებაა, რომელსაც საფუძვლად იმპროვიზირება უდევს.  ის მომღერლისგან დახვეწილ გემოვნებას და საკომპოზიტორო ნიჭის მარცვალს, ჯაზური მუსიკის რიტმული, მელოდიური და ჰარმონიული სპეციფიკის შეგრძნებას და ამასთან ერთად, უდიდეს შრომისმოყვარეობას ითხოვს.  ამ მოდულში შემავალი კურსების გავლის შედეგად თქვენ:
•    დაეუფლებით სასიმღერო პროფესიული ტექნიკის საფუძვლებს
•    შეისწავლით ჯაზისთვის დამახასიათებელ საშემსრულებლო და საიმპროვიზაციო ხერხებს
•    მიიღებთ ჯაზ-ჰარმონიის საბაზო ცოდნას
•    გაეცნობით ჯაზურ მუსიკალურ ლიტერატურას
•    შეისწავლით ჯაზ-იმპროვიზაციის საფუძვლებს და მის საშემსრულებლო თუ შემოქმედებით პრაქტიკაში გამოყენებას
•    დაეუფლებით ჯაზ-ანსამბლში სიმღერის ტექნიკას და გამომსახველობის ხერხებს
•    მიიღებთ სასიმღერო რეპერტუარის შერჩევისა და შექმნის საბაზო ცოდნას
•    მიიღებთ სასცენო-საკონცერტო გამოცდილებას.

3. „ჯაზის თეორია და ისტორია“
განვითარების მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე კლასიკური მუსიკისგან განსხვავებით ჯაზი შედარებით „ახალგაზრდა“ მიმდინარეობაა. ამითაა განპირობებული ის ფაქტიც, რომ ჯაზის მკვლევარები ძირითადად არა მუსიკისმცოდნეები, არამედ თავად ჯაზის შემსრულებლები არიან.  საქართველოში განსაკუთრებით ცოტაა ჯაზის თეორეტიკოსი, რომლებიც ამ შესანიშნავი მიმდინარეობის კვლევასა და სწავლებას აწარმოებენ.  ამიტომაცაა ილიაუნის მუსიკის ცენტრის მიერ შეთავაზებული ეს საბაკალავრო მოდული უნიკალური – სტუდენტები, რომლებიც მას აირჩევენ, საქართველოში პირველი ჯაზის თეორეტიკოს-ისტორიკოსთა პლეადას შექმნიან.  ამ მოდულში შემავალი კურსების გავლის შედეგად თქვენ:
•    შეისწავლით ჯაზის თეორიას და ჰარმონიას
•    გაეცნობით ჯაზურ მუსიკალურ ლიტერატურას
•    შეისწავლით ჯაზის, როკის და პოპ-მუსიკის წარმოშობის და განვითარების ისტორიას
•    შეიძენთ მუსიკალურ-კრიტიკული კვლევების საბაზო თეორიულ და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს
•    მიიღებს ჯაზის თეორიისა და ისტორიის სწავლების თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას.

მიმართულებას „თანამედროვე პოპულარული მიმდინარეობების თეორია და პრაქტიკა“
გამოცდილი ლექტორი, თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი ირინე ებრალიძე უძღვება.  მიმართულების სხვა პროფესორ-მასწავლებლებიც თავთავიანთი სფეროს წამყვანი მუსიკოსები არიან.  უფრო დეტალურად მათ შესახებ შეგიძლიათ იხილოთ უფრო დეტალურად მათ შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.


© 2013 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.
საიტი დამზადებულია ITDC–ს მიერ
საიტის განახლების თარიღი  :   2014-07-24