ტელე-კინო-სამსახიობო ხელოვნების ინკლუზიური სწავლების საყმაწვილო ცენტრი ართ ჰოლი

ორგანიზაციის მოკლე ისტორია

გაერთიანება ართ ჰოლი დაფუძნდა 1995 წელს. მისი შექმნის იდეა ეკუთვნის დიდ ქართველ რეჟისორს მიხეილ თუმანიშვილს. იდეას საფუძვლად დაედო ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენელთა სურვილი, გარკვეული წვლილი შეეტანათ მოზარდი თაობის ესთეტიკური აღზრდისა და მათი შემოქმედებითი უნარის წარმოჩენის საქმეში. 2000 წელს მსახიობმა გიორგი პიპინაშვილმა დააფუძნა ”ინვალიდ და დიაბეტით დაავადებულ მოზარდთა რეაბილიტაციის ფონდი ართ ჰოლი +” სადაც პროექტის “ერთად XXI საუკუნეში - ვაშენებთ სახლს” ფარგლებში ამოქმედდა ხელოვნების საყმაწვილო ცენტრი. აქ ინკლუზიური სწავლების ფსიქოლოგებთან შეთანხმებულ ფორმატში 9-დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის და ჯანმრთელი მოზარდები გადიან სასწავლო კურსს. ამ წლების განმავლობაში ართ ჰოლის სტუდიებში სასწავლო და შემოქმედებითი კურსი გაიარა 3000-ზე მეტმა მოზარდმა.

ხელოვნების საყმაწვილო ცენტრი წლების მანძილზე რამდენიმე სასწავლო სტუდიას აერთიანებდა: სატელევიზიო თეატრ-სტუდიას, ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ჯგუფს, საყმაწვილო პრესის ჯგუფს, საესტრადო სიმღერის, ქორეოგრაფიულს და სხვა.
წლების განმავლობში გახორციელდა არა ერთი აქცია და კონცერტი, დაიდგა მრავალი სპექტაკლი. მათ შორის აღსანიშნავია ექსპერიმენტული სპექტაკლი “ჰელადოს” ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით, რომლის პრემიერა შედგა შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში 2007 წელს; სპექტაკლი ”აიწონა-დაიწონა”(2008), რომელიც განხორციელდა ბრიტანეთის საბჭოს გარემოს დაცვის პროექტის ფარგლებში და დაიდგა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში; შექსპირის ”ზაფხულის ღამის სიზმარი” (2009-10), რომელიც დაიდგა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრსა და ილიას სახელმწიფო უნივერსირტეტის თეატრალურ ცენტრში.  ყველა ეს სპექტაკლი შეიქმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადგომით და სპონსორების დახმარებით. ართ ჰოლის აღსაზრდელებთან ერთად სპექტაკლებში მონაწილეობდნენ პროფესიონალი მსახიობები.

ორგანიზაციის მიზნები

ხელოვნების სტუდიის სასწავლო პროცესი მიმართულია ბავშვის პიროვნების, მისი ნიჭის, გონებრივი და ფიზიკური შესაძლელობების განვითარებაზე იმის მიუხედავად, როგორია მისი ფიზიკური შესაძლებლობები. ამასთან, ორგანიზაციის საქმიანობა ითვალისწინებს არა მხოლოდ სხვადასხვა დისციპლინათა აქტიურ ათვისებას, არამედ შეძენილი ცოდნის გამოცდილებად ქცევას, ანუ ცოდნისა და უნარის გამოყენებას სხვადასხვა საქმიანობაში. ორგანიზაციის მიერ გახორციელებული თითოეული აქციის ან პროექტის დანიშნულებაა, შეცვალოს საზოგადოების დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიმართ.

ორგანიზაციის საქმიანობის სფერო

აღსაზრდელთა შემოქმედენითი რესურსების რეალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს შემდეგს: 
•    თეატრალური წარმოდგენების მომზადება ართ ჰოლის მოზარდებთან ერთად და პროფესიონალი მსახიობების მონაწილეობით
•    აუდიო ზღაპრების შექმნა ართ ჰოლის მოზარდებთან ერთად და პროფესიონალი მსახიობების მონაწილეობით
•    შემეცნებითი, გასართობი, სოციალურ პრობლემებზე ორიენტებული, ანალიტიკური ტელე- და რადიო-გადაცემებისა და რადიო-დადგმების მომზადება, სიმღერების ჩაწერა, არანჟირება აღსაზრდელების მიერ პროფესიული სცენისა და კინოს ყველა თაობის წარმომადგენლებთან ერთად
•    აღსაზრდელთა მიერ საკუთარი გაზეთის, სოციალურ პრობლემათა ამსახველი ბუკლეტების შექმნა, დაკაბადონება და ბეჭდვა და გავრცელება როგორც თბილისში, ისე საქართველოს რეგიონებში
•    მულტიპლიკაციური ფილმების გახმოვანება ბავშვების მიერ
•    საკუთარი პროდუქციის გასაფორმებელი მასალების მოგროვების მიზნით რეგიონებში ექსპედიციების მოწყობა, გადაღება და დამუშავება (ვიდეო მასალა, ფოტოები, ფოტორეპორტაჟები)
•    დადაქალაქსა და რეგიონებს შორის გაცვლითი პროგრამების განხორციელება, რაც ხელს უწყობს მოზარდების შემოქმედებითი საქმიანობის პოპულარიზაციასა და საზოგადოების ფართო ფენებში მათ მიმართ ჯანსაღი აზრის დამკვიდრებას
•    მხარდამჭერი აქციებისა და კონცერტების მოწყობა ბავშვებისა და პროფესიონალების მონაწილეობით
•    მშობლებთან, მასწავლებლებთან და მოზარდებთან ფსიქო-კორექციული სამუშაოების ჩატარება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
ტელე-კინო-სამსახიობო ხელოვნების ინკლუზიური სწავლების
საყმაწვილო ცენტრი ართ ჰოლის შექმნა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ინკლუზიური სწავლების საყმაწვილო ცენტრი 2011 წლის სექტემბრის თვიდან გეგმავს განახორციელოს პირველი, მეორე და მესამე საფეხურების პროფესიული პროგრამები აუდიოვიზუალური სასცენო, კინო-ტელე სამსახიობო, დრამატურგიის, სარეჟისორო, სცენოგრაფიული ხელოვნების მიმართულებით. მანამდე კი ცენტრი განახორციელებს სასერთიფიკატო სწავლებას. ამ სპეციალობებს დაეუფლებიან საბაზო სასკოლო განათლების მქონე (9 კლასდამთევრებული) მოზარდები.

ტელე-კინო-სამსახიობო ხელოვნების ინკლუზიური სწავლების
საყმაწვილო ცენტრი ართ ჰოლის ხარჯთაღრიცხვა

ბიუჯეტი შედგენილია 2010-2011 სასწავლო წლის მეორე სემესტრის მისაღები კონტგენტის გათვალისწინებით (2010-2011 სასწავლო წლის მეორე სემესტრში სავარაუდოდ მისაღები მსმენელთა რაოდენობის შესაბამისად). შემდეგი სასწავლო წლის მონაცემების დაზუსტების შემდეგ ხარჯთაღრიცხვაში შევა შესაბამისი კორექტირება. სწავლის საფასურის გადახდა განხორციელდება სემესტრულად. წავლის საფასურის ოდენობა განისაზღვრება 1000 ლარით (I კატეგორია). უნარშეზღუდული მოზარდებისათვის დაწესდება 50%-იანი შეღავათი და მათთვის სწავლის საფასური განისაზღვრება 500 ლარის ოდენობით (II კატეგორია).

დირექტორი: გოგა პიპინაშვილი

კოორდინატორი: ვასილ ხუნწარია
ელ. ფოსტა: vasil.khuntsaria@iliauni.edu.ge
ტელ.: 551 27 30 11


© 2013 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.
საიტი დამზადებულია ITDC–ს მიერ
საიტის განახლების თარიღი  :   2013-05-24