პიროვნული და კომუნიკაციური რესურსების ცენტრი

ცენტრის მისია და საქმიანობა:

1. დისკურსის კვლევა და განვითარება - კვლევითი, სასწავლო და პრაქტიკული პროგრამების განხორციელება დისკურსისა და კომუნიკაციის ფორმათა განვითარების მიზნით.  
საქმიანობის მიზანია საქართველოში, პოსტსაბჭოთა სივრცისთვის დამახასიათებელი  კრიტიკული, დემოკრატიული დისკურსის შეზღუდვის ფორმებისა და ფაქტორების კვლევა, დისკურსის კულტურის განვითარება - საზოგადოებრივ ინსტიტუციებში, მედიაში, განათლების სისტემაში, ფსიქოკონსულტირების პრაქტიკაში, კროსკულტურული, კონფესიათაშორისი, პოლიტიკური და პიროვნებათაშორისი ურთიერთობების ველში და სხვა.
გამოცდილება - 2010 წ. წაკითხული საუნივერსიტეტო კურსი - ”დისკურსი ცხოვრებასა და ფსიქოკონსულტირებაში”; 2009 წ. სერტიფიცირებული თრენინგ-სემინარი - ”კომუნიკაციის ხელოვნება - თერაპიული დისკურსი”, - პირველი საზაფხულო ფსიქოლოგიური სკოლა; 1999-2005 წ.წ. განხორციელებულია მრავალი პროექტი, დისკურსის განვითარების მიზნით მედიაში, კონფესიათაშორისი ურთიერთობების სივრცეში, განათლების სისტემაში და სხვა;

2. ფსიქოლოგიური კონსულტაციის, არტთერაპიისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდების სწავლება და გამოყენება; დევნილთა პტსდ თერაპიის და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების განხორციელება.
საქმიანობის მიზანია არასამედიცინო, ალტერნატიული ფსიქოთერაპიის და ფსიქოკონსულტირების თანამედროვე მიმართულებების კვლევა, სწავლება და პრაქტიკული გამოყენება; დევნილთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების განხორციელება ზრდასრულ პიროვნებებთან და ბავშვებთან.
გამოცდილება - თრენიგ-სემინარებში მონაწილეობა და მათი ორგანიზება: 1987, დოქტ. კარლ როჯერსთან (აშშ), კლიენტზე მიმართული თერაპია; 1988, დოქტ. ვირჯინია სატირთან (აშშ), ოჯახის თერაპია; 1990, დოქტ. ჯანეტ რაინუოტერთან (აშშ), ფსიქოსინთეზი; 1990, დოქტ. ჯონ გრინდერთან (აშშ), ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება (ნლპ); 1991, დოქტ. როი პარსონსთან (აშშ), გეშტალტთერაპია (თრენინგის ორგანიზატორი-თბილისი, მოსე თოიძის სახლ-მუზეუმი); 1993, დოქტ. კორნელია ანდერაუსთან (შვეიცარია), სხეულზე და მოძრაობებზე ორიენტირებული თერაპია;1994, დოქტ. ენ ენტუსთან (კანადა), ნლპ. და სხვა. 1989 – 2010, მრავალი თრენინგ-სემინარის და  საუნივერსიტეტო კურსის წაყვანა, ფსიქოკონსულტირებისა და თერაპიის თანამედროვე დარგებში.
გამოცდილება დევნილთა ფსიქო-სოციალური  რეაბილიტაციის  დარგში:
2008 წ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (11.08.08 - 2.11.08) ცხინვალის რეგიონიდან, რუსული აგრესიის შედეგად  დევნილ მოსახლეობასთან ჩატარებული გვაქვს – 45 თერაპიული და თრენინგ სესია, 130-მდე საათის საერთო მოცულობით, 120 ადგილნაცვალ პირთან, კომპაქტური განასახელების 11 ობიექტიდან. კვირაში სამჯერ ტარდებოდა, თრენინგ-სემინარები და თერაპიული სესიები, უმაღლესი განათლების მქონე 40-მდე ადგილნაცვალ პირთან და დევნილ ბავშვებთან. პროექტში ჩართული იყვნენ უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი-ჰელპერები, პროფესორი ქეთევან მაყაშვილი და ცენტრის დირექტორი - დავით ამირეჯიბი;
1990 წლის ნოემბერში, პირველად საქართველოში, მოსე თოიძის სახლ-მუზეუმში, განვახორციელეთ ფსიქოლოგიური, სოციალური და კულტურული რეაბილიტაციის პროგრამა, ცხინვალიდან დევნილი 200-მდე ბავშვისათვის; 1991 წლის იანვრში, მოსე თოიძის სახლ-მუზეუმში დავაარსეთ საქართველოში პირველი საქველმოქმედო საკვირაო სკოლა, სადაც ურთიერთ-შეჯერებული იყო განათლების, ფსიქორეაბილიტაციის და დევნილი ახალგაზრდობის გარემოს მავნე ზეგავლენებისაგან პრევენციის ამოცანები.
1990-2010 წლებში განხორციელებული გვაქვს მრავალი პროექტი დევნილი მოსახლეობის ფსიქოლოგიური და სოციალური რეაბილიტაციის მიზნით ქალაქებში თბილისი - 8 ობიექტი; წყნეთი  - 2 ობიექტი; რუსთავი - 2 ობიექტი; ქუთაისი - 4 ობიექტი; წყალტუბო - 2 ობიექტი; გორი - 3 ობიექტი და სხვა. მრავალი ღონისძიება ჩატარდა დევნილ ბავშთა არტთერაპიის დარგებში: ბავშვთა ნახატების გამოფენებები 1990-2000 წ.წ.; 1996 წ. - პირველი სააღდგომო ფესტივალი, დევნილი და თბილისელი ბავშვების მონაწილეობით (500 ბავშვი) და სხვა მრავალი ღონისძიება.
დევნილთა რეაბილიტაციის  პროცესში გამოიყენებოდა  ფსიქორეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდოლოგია, შეიქმნა და აპრობაცია გაიარა ახალმა მეთოდებმაც, რომელთა სწავლება და პრაქტიკული გამოყენება წარმოადგენს ცენტრის მიზანს;

3. კონფლიქტების მართვა.
საქმიანობის მიზანია კონფლიქტების მართვის მეთოდების კვლევა, სწავლება და პრაკტიკული გამოყენება.
გამოცდილება:
სასწავლო - 1991 წ. პირველი სემინარი კონფლიქტოლოგიაში - ”კონფლიქტების მართვის ხელოვნება”, ბრიტანელი კონფლიქტოლოგების მონაწილეობით. წამყვანი - ქენეთ ქლოუქი. თრენინგის ორგანიზება და მასში მონაწილეობა (თბილისი, მოსე თოიძის სახლ-მუზეუმი); 1995 დოქტ. კრეიტონებთან (აშშ), კონფლიქტების განმუხტვის ალტერნატიული მეთოდები, სერტიფიცირებული თრენინგ-სემინარის მონაწილე.
პრაქტიკული - 19.04.1996 - წყნეთში, დევნილ და ადგილობრივ მოსახლეობას შორის არსებული კონფლიქტების წარმატებით განმუხტვა. კონფლიქტში პროფესიული ჩარევის იდეა, კონფლიქტის მართვის მეთოდოლოგია, კონფლიქტოლოგთა ჯგუფის ხელმძღვანელობა და კონფლიქტილოგიური სესიის მართვა.
სესია ტარდებოდა წყნეთის სკოლის შენობაში, 100-მდე კონფლიქტში მონაწილე პირთან (ადგილობრივი და დევნილი მოსწავლეები, მათი მშობლები, სკოლის პედაგოგები და დირექტორი, მილიციის წარმომადგენლები...). კონფლიქტის მართვის ორიგინალური სტრატეგიის გამოყენებით მოხერხდა რთული, გახანგრძლივებული კონფლიქტის განმუხტვა.
სესიის მსვლელობა ჩაწერილია აუდიო კასეტებზე, გაშიფრული ვარიანტი ინახება ჩვენთან, აგრეთვე ლტოლვილთა განსახლების სამინისტროში და აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში. სესიის მსვლელობას ესწრებოდნენ დამკვირვებლები ნრს-დან და ნორვეგიელი ეკსპერტი - პეტერ ეკერნი;
1998 წლის ზაფხულში, კოორდინატორ-ფსიქოლოგის ფუნქციით, ჩართული ვიყავით შეხვედრის ორგანიზებაში - "მშვიდობიანი კავკასია", რომელიც ჩატარდა ურეკში და რომელშიც მონაწილეობდნენ კავკასიაში საომარ კონფლიქტებში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების წევრები, მეუღლეები და ბავშვები - აფხაზეთიდან, ჩეჩნეთიდან, ინგუშეთიდან, ოსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან. ვხელმძღვანელობდი წარმატებულ კონფლიქტოლოგიურ სამუშაოს, რომლის საჭიროება გაჩნდა შეხვედრის პირველსავე დღიდან, სადაც ადგილი ჰქონდა სერიოზულ კონფლიქტს აზერბაიჯანულ და სომხურ დელეგაციებს შორის. გამოყენებული მეთოდოლოგიის შესახებ გაკეთდა მოხსენებები საქართველოში, სომხეთში და აზერბაიჯანში.
სწავლების გამოცდილება - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2008-2010წ.წ. -  საუნივერსიტეტო კურსი - ”ეფექტური კომუნიკაციები და კონფლიქტების მართვა”; 2007 წ.  - თრენინგ-სემინარი - ”ნლპ-ის კომუნიკატიური და კონფლიქტოლოგიური რესურსები”; 1996-2006, წ.წ. ვასწავლიდით კონფლიქტის მართვის მეთოდებს თბილისის რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში.

4. განწყობის ანთროპოლოგიის დარგში კვლევითი და სასწავლო პროგრამების განხორციელება.
საქმიანობის მიზანია - განწყობის თეორიის და მეთოდოლოგიის დარგებში ექსპერიმენტულ კვლევათა გაგრძელება და სწავლება. 
გამოცდილება - 1979 წლიდან ვეწევით სამეცნიერო, ექსპერიმენტულ მუშაობას, განწყობის ეფექტების კვლევის მეთოდოლოგიის საკითხში. კვლევის შედეგები წარმოდგენილი გვაქვს არა ერთ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმზე.

ცენტრის ადმინისტრაცია
ცენტრის დირექტორი, ფსიქოლოგი - დავით ამირეჯიბი.
ცენტრის თანამშრომლები - ცენტრთან თანამშრომლობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდებტი-ჰელპერები. 

ცენტრის მომსახურება
ცენტრი სთავაზობს სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს სერტიფიცირებულ თრენინგ-პროგრამას - ”კომუნიკაციის ხელოვნება - თერაპიული დისკურსი”.
ცენტრის სასწავლო, თრენინგ-პოგრამები მოიცავს ფსიქოლოგიური კონსულტირებისა  და თერაპიის თანამედროვე  დარგებსა და მიმართულებებს:
განწყობის ანთროპოლოგია; ნეირო-ლინგვისტური მიმართულება; ნარატიული და ეგზისტენციალური ფსიქოთერაპია; პიროვნებაზე  ორიენტირებული მიდგომა; გეშტალტფსიქოთერაპია; ფსიქოსინთეზი; სხეულზე და მოძრაობაზე ორიენტირებული  თერაპია; არტთერაპიის მეთოდები და სხვა.
ამასთან, ცენტრი სთავაზობს დაინტერესებულ პირებს თრენინგ-კურსს კონფლიქტების მართვის ხელოვნებაში.
ცენტრის მომსახურების ამოცანებში შედის ფსიქოლოგიური კონსულტირება და კონფლიქტების მართვა.

ცენტრის მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია:
ი.ჭავჭავაძის გამზირი №32,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი,
კორპუსი C, ოთახი: C 101.
ცენტრის ხელმძღვანელის ტელეფონის ნომერი: 899 40 95 34;
ელ. ფოსტის მისამართი: arbvitae@yahoo.com; damirejibi@hotmail.com.


© 2013 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.
საიტი დამზადებულია ITDC–ს მიერ
საიტის განახლების თარიღი  :   2014-07-22