სატელევიზიო სასწავლო ცენტრი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სატელევიზიო სასწავლო ცენტრი ორ უმაღლეს პროფესიულ პროგრამას ახორციელებს:

  1. ტელეჟურნალისტიკა, სპეციალობა ტელერეპორტიორი; 
  2. ეკრანულ ხელოვნება, სპეციალობები:  ტელე-კინო რეჟისურა და საოპერატორო ხელოვნება/ვიდეო მონტაჟი.

სამივე სპეციალობაში სწავლის ხანგრძლივობა სამი წელია (180 კრედიტი).

სასწავლო პროგრამების განახლებას, პედაგოგთა შერჩევას და სასწავლო გეგმების დამუშავებას ახორციელებს ოსტატთა საბჭო. თითოეულ  სპეციალობას კურირებს ოსტატი, რომელიც სასწავლო თეორიული  ბლოკის გარდა ზედამხედველობას უწევს სტუდენტთა  პრაქტიკული ნამუშევრების წარმოებას.

ცენტრის სასწავლო განყოფილება წარმოდგენილია სასწავლო თეორიული და პრაქტიკული სამუშაოების კოორდინატორებით და ასისტენტებით. სასწავლო განყოფილება ადგენს ლექციებისა და პრაქტიკუმების მიმდინარეობის გრაფიკებს ოსტატთა საბჭოს მიერ დამტკიცებული და ფაკულტეტთან შეთანხმებული სასწავლო გეგმების შესაბამისად და ახორციელებს სასწავლო პროცესის კონტროლს.

ცენტრის ტექნიკური განყოფილება წარმოდგენილია შესაბამისი სპეციალობის მქონე თანამშრომლებით, რომლებიც უზრუნველყოფენ სასწავლო პროცესში ცენტრის სატელევიზიო და კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მუშაობას. ცენტრში პედაგოგიურ მოღვაწეობას ძირითადად ეწევიან მოწვეული პრაქტიკოსი სპეციალისტები:

  • ტელე-კინო რეჟისურაში - ბატონები მერაბ კოკოჩაშვილი, ზენონ კაცია, თემურ ფალავანდიშვილი, როლანდ (მიხო) ბორაშვილი, მალხაზ ასლამაზაშვილი, გიორგი ებრალიძე.
  • საოპერატორო ხელოვნება/ვიდეო მონტაჟში - ბატონები ირაკლი ღლონტი, გოგი თორაძე, ილია ვაჩნაძე, გიორგი წიქარიშვილი, დიმიტრი ხაჩატუროვი, რამაზ გიორგიშვილი, ვალერი ოდიკაძე, ვახტანგ კუნცევი.
  • ტელეჟურნალისტიკაში - ლუბა ელიაშვილი, მაკა მირცხულავა, რუსუდან ცხომელიძე, ელისო ჩაფიძე.

ცენტრის დირექტორია  ზურაბ ოშხნელი.

ცენტრის მისამართია: თბილისი, უზნაძის ქ.68, განათლების სამინისტროს მეორე კორპუსი, მეოთხე სართული. ტელეფონები: ადმინისტრაცია 910-260, სასწავლო განყოფილება 910-259, ფაქსი 910-267. ელ-ფოსტა: tvschool@iliauni.edu.ge; ვებ-გვერდი: http://etvc.iliauni.edu.ge/

                                               
ისტორია

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სატელევიზიო სასაწავლო ცენტრის  ისტორია 1989 წელს იწყება. იგი ზურაბ ოშხნელის ინიციატივით დაარსდა სატელევიზიო ხელოვნების შესწავლის მსურველი მოსწავლეებისათვის “საყმაწვილო სატელევიზიო სტუდიის” სახელწოდებით. 10 წლის მანძილზე სტუდია იყო ერთადერთი სკოლისგარეშე სატელევიზიო სასწავლებელი, სადაც გაკვეთილების შემდეგ თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები სატელევიზიო პროდუქციის წარმოების ტექნიკასა და ტექნოლოგიას სწავლობდნენ და თვითონ ამზადებდნენ ტელე გადაცემებს “საყმაწვილო ტელევიზიის” სახელწოდებით, რომლებიც პირველი არხით გადაიცემოდა.
  • 1992 წელს ზურაბ ოშხნელმა ცხრაკლასდამთავრებული მოსწავლეებისთვის დაარსა “ტელეპროფილური სკოლა” რომელსაც შემდეგ ტელე ლიცეუმი ეწოდა, ხოლო  2000 წლიდან მუშაობდა “მედიის, რეკლამისა  და ტელეხელოვნების კოლეჯის” სახელით.  
  • 1995 წელს ზურაბ ოშხნელის ინიციატივით და მინისტრთა კაბინეტის შესაბამისი დადგენილებით სატელევიზიო სასწავლო ცენტრის შემადგენლობაში დაარსდა საქართველოში პირველი უმაღლესი პროფესიული სკოლა “ტელეხელოვნების უმაღლესი სკოლის” სახელწოდებით.
  • 1997 წლიდან 2004 წლამდე კოლეჯი პირველ არხზე მაუწყებლობდა პროგრამა “ზუმის” სახელით.
  • 2007 წლის ოქტომბრიდან სსიპ "მედიის, რეკლამისა და სატელევიზიო ხელოვნების კოლეჯი" შეუერთდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და მისი სტატუსით ახორციელებს უმაღლეს სატელევიზიო პროფესიულ განათლებას.

ურთიერთობები

  • სატელევიზიო-სასწავლო ცენტრის ურთიერთობები ანალოგიური პროფილის სასწავლო დაწესებულებებთან და მწარმოებელ სატელევიზიო სტუდიებთან სათავეს იღებს 1990წლიდან;
  • გერმანიის ტელეკომპანია ZDF საყმაწვილო პროგრამების რედაქცია “Logo” გახდა ცენტრის პირველი პარტნიორი.
  • 1991 წლიდან ცენტრმა თანამშრომლობა დაიწყო გერმანიის (ფრეიბურგი) ქართული კულტურის კლუბთან “მედეა.”
  • 1992 წლიდან ცენტრმა ურთიერთობა განავითარა გერმანიის ზაარლანდის მიწის ზულცბახის გიმნაზიასთან, 1993 წლიდან – მიუნხენის ტელე-კინო უმაღლეს სკოლასთან, 1995 წლიდან კი პოცდამ ბაბელსბერგის ტელე-კინო უმაღლეს სკოლასთან.
  • 1995 წლიდან ცენტრი თანამშრომლობას იწყებს ახალგაზრდული კლუბების ევროპის ასოციაციასთან (ECYC, შტაბ ბინა კოპენჰაგენში) და აქტიურად მონაწილეობს მისი პროექტების რეალიზაციაში.
  • 1996 წლიდან ცენტრი თანამშრომლობს აშშ ტენისის შტატის ჯერმანთაუნის ნატიფი ხელოვნების კათედრასთან და საკაბელო ტელევიზიასთან.
  • 1991-1994 წლებში ცენტრი აქტიურად თანამშრომლობდა რუსეთის საერთაშორისო საბავშვო ტელეკომპანიასთან, ტელეკომპანია ОРТ დილის პროგრამის ბლოკთან “СОРОКА” და სააგენტო “юнпресс”–თან.  
  •  სატელევიზიო სასწავლო ცენტრი არის 25 საერთაშორისო სატელევიზიო პროექტის მონაწილე და ელექტრონული მედიის მსოფლიო ფესტივალის 1997 წლის გამარჯვებული.

© 2013 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.
საიტი დამზადებულია ITDC–ს მიერ
საიტის განახლების თარიღი  :   2014-09-02