ინსტიტუტის შესახებ

იმიური ბიოლოგიის ინსტიტუტი წარმოადგენს სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებას. ინსტიტუტი მონაწილეობს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაში. წარმოდგენილი აქვს საკუთარი სამაგისტრო პროგრამა სახელწოდებით მოლეკულური მეცნიერებები (მოლეკულური ბიომეცნიერებები, ბიოფარმაცია) (იხ. ბმული: http://www.iliauni.edu.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=476)  და სადოქტორო პროგრამები ბიოქიმიაში და მოლეკულურ ბიოლოგიაში (იხ. ბმული http://www.iliauni.edu.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=365).

ინსტიტუტში მუშავდება შემდეგი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამები:

1. ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები და უჯრედის რეგულაცია
პროგრამის რეზიუმე:  აღნიშნული პროგრამა შეეხება თანამედროვე ბიოსამედიცინო მეცნიერებების აქტუალურ პრობლემას და მოიცავს როგორც ფუნდამენტურ, ისე პრაქტიკულ საკითხებს. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების საშუალებით მიმდინარეობს ბიოლოგიური პროცესების მიზანმიმართული მართვა, და ამდენად, ეს ნაერთები ფართოდ გამოიყენება ბიოტექნოლოგიურ, მიკრობიოლოგიურ, ფარმეცევტულ, თუ კვების მრეწველობაში. პროგრამის მიზანია მცენარეული, თუ ცხოველური წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოყოფა, მათი მოქმედების მექანიზმების გარკვევა, უჯრედის რეგულაციურ სისტემებზე გავლენის დადგენა და ამ ნაერთების აქტივობის განმსაზღვრელი უჯრედული ტესტ-სისტემის შემუშავება. პროგრამის ფარგლებში შესწავლილი იქნება სხვადასხვა რეგულაციური მაკრომოლეკულის მნიშვნელობა ენდოკრინული და ანთებითი დაავადებების ინიციაციაში და გაირკვევა აღნიშნული დარღვევების კორექციის შესაძლებლობა საქართველოში გავრცელებული მცენარეული წარმოშობის პოლიფენოლური ნაერთებით. უჯრედული კულტურების გამოყენებით მოხდება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ციტოტოქსიკურობის და ფარმაკოლოგიური პოტენციალის განსაზღვრა.

2. მეხსიერების უჯრედული და მოლეკულური საფუძვლების შესწავლა
პროგრამის რეზიუმე: აღნიშნული პროგრამა შეეხება სინაფსური პლასტიურობის ერთ-ერთ გამოვლინებას – მეხსიერებას. შეისწავლება მხედველობითი იმპრინტინგის მოდელი წიწილებში. ჩვენი მუშაობა ფოკუსირდება მეხსიერების ჩამოყალიბებების პროცესებში გენთა ექსპრესიის ცვლილებების შესწავლაზე. ასევე გამოვიკვლევთ ეპიგენეტიკურ ცვლილელებებს რეკოგნიციული მეხსიერების ჩამოყალიბების და შენახვის პროცესებში, მიკრო-რნმ-ების სპექტრის ცვლილებებს რეკოგნიციული მეხსიერების ჩამოყალიბების პროცესებში და ცილოვანი სპექტრის ცვლილებებს მეხსიერებეის ჩამოყალიბების სხვადასხვა სტადიებზე. ამ მოდელზე მიღებული მონაცემები კვლევის მეორე ეტაპზე გამოყენებული იქნება მეხსიერების შენახვის ზოგადი მექანიზმების დადგენისათვის და  გონებრივი დაავადებების მკურნალობის სტრატეგიის შემუშავებისათვის.

3. ეპილეფსიის და ეპილეპტოგენეზის მოლეკულური და უჯრედული საფუძვლების კვლევა და ეპილეპტოგენეზის  პრევენციის გზების ძიება.
პროგრამის რეზიუმე: აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შევისწავლით ცენტრალური ნერვული სისტემის ისეთ პათოლოგიურ ფუნქციურ აქტივობას, როგორიც არის ეპილეფსია. ეპილეფსიის სხვადასხვა ტიპებიდან ჩვენ კონცენტრირებას ვაკეთებთ კაინატით გამოწვეულ და პოსტ-ტრავმული ეპილეფსიის ფორმებზე. ჩვენი მუშაობა მოლეკულური ბიოლოგიის განხრით ფოკუსირებულია შემდეგი საკითხების კვლევაზე: მიკროარეების ტექნოლოგიით ეპილეპტოგენეზის პროცესში გენთა ექსპრესიის ცვლილებებზე და ამ პროცესზე ინოზიტოლებით ქრონიკული დამუშავების ეფექტებზე; ასევე, ეპილეპტოგენეზის პროცესში მიკრო-რნმ-ების სპექტრში მიმდინარე ცვლილებებზე და ამ პროცესზე ინოზიტოლებით ქრონიკული დამუშავების ეფექტებზე; ჰისტონების იმ პოსტ-ტრანსლაციურ მოდიფიკაციებზე, რომლებიც ეპიგენეტიკურ ცვლილებებს განაპირობებენ და ინოზიტოლების ეფექტებზე; იმ გენების მეთილირების სტატუსის ცვლილებებზე, რომლებიც დიფერენციულად ექსპრესირდებიან მიკროარეების ექსპერიმენტების შედეგების მიხედვით და ამ პროცესებზე ინოზიტოლების ზეგავლენის შეფასებაზე; ცილოვანი სპექტრის ცვლილებებზე ეპილეპტოგენეზის პროცესში და ინოზიტოლებით დამუშავების შემდეგ. უჯრედული ბიოლოგიის განხრით ჩვენი მუშაობა დაფუძნებული იქნება ნეირონული უჯრედის ულტრასტრუქტურის ცვლილებების შესწავლაზე სხვადასხვა ფუნქციური მდგომარეობის დროს და in vitro ელექტროფიზიოლოგიური მეთოდებით  ამა თუ იმ ნორმალური თუ პათოლოგიური მდგომარეობის მოდელების კვლევაზე. ატომურ-ძალოვანი მიკროსკოპის გამოყენებით შესწავლილი იქნება ჰიპოკამპის ცოცხალი ნეირონის დენდრიტული ხორკლების სამ-განზომილებიანი აღნაგობა, ძვრადობა, განლაგების სიმკვრივე და მექანიკური თვისებები (ვისკოელასტიურობა) უჯრედის სხვადასხვა ფუნქციური მდგომარეობისას. ანათლების პრერატებზე, სხვადასხვა მეთოდით განხორციელდება ეპილეფსიური განმუხტვების გამოწვევა და შემდგომში ჩვენთვის საინტერესო ფარმაკოლოგიური ნივთიერების (მაგალითად, ინოზიტოლების) ზეგავლენის შესწავლა აღნიშნულ განმუხტვებზე. ამრიგად, ჩვენ შევისწავლით არა მარტო ეპილეპტოგენეზის პროცესის უჯრედულ და მოლეკულურ საფუძვლებს არამედ მის პრევენციის გზებსაც.

ჩვენი მიდგომა არის ინტეგრაციული – მოლეკულურ ბიოლოგიური, ელექტროფიზიოლოგიური და მორფოლოგიური თანამედროვე მეთოდების ერთობლივი გამოყენება, საშუალებას იძლევა განხორციელდეს ხარისხობრივად მნიშვნელოვანი შედეგების მიღება.


© 2010 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.
საიტი დამზადებულია ITDC–ს მიერ
საიტის განახლების თარიღი  :   2010-09-08