ინსტიტუტის შესახებ

კავკასიის რეგიონი შედის მსოფლიო ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილების სიაში. ეს ნიშნავს, რომ რეგიონი აღიარებულია  დედამიწის ყველაზე მნიშვნელოვან და ამავდროულად საფრთხეში მყოფ ტერიტორიად ველური ბუნების კუთხით. კავკასიის ბუნება განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ შენარჩუნებულია ცხოველებისა და მცენარეების ისეთი სახეობები, რომლებიც დიდი ხანია გადაშენდნენ  ევროპისა და დასავლეთ აზიის სხვა ნაწილებში. ამავდროულად, მზარდი ეკონიმიკის და გარემოზე ზეწოლის პირობებში კავკასიის უნიკალურ ცხოველთა სამყაროს და მცენარეულობას მნიშვნელოვანი საფრთხე ექმნება.

საქართველოს და კავკასიის რეგიონს ესაჭიროება მეტი მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის სფეროში და მეტი სამეცნიერო  კვლევა ეკოლოგიის დარგში.

ილიას უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტი ემსახურება ამ ამოცანის გადაწყვეტას. აქ ტარდება თანამედროვე დონის კვლევები ცხოველებისა და მცენარეების ეკოლოგიაში, გამოყენებითი კვლევები სახეობათა შენარჩუნების სფეროში.

ინსტიტუტის პროფესორები, მკვლევარები და სტუდენტები შეისწავლიან ხმელეთისა და ზღვის ფაუნას, მაღალმთიანეთის ფლორას, ეკოლოგიისა და ევოლუციური ბიოლოგიის ფუნდამენტურ საკითხებს.
საკმაოდ მდიდარია ინსტიტუტის მატერიალური ბაზა. სამეცნიერო კვლევას და სტუდენტების მომზადებას ემსახურება საველე ბაზები შავ ზღვაზე, საქართველოს მაღალმთიანეთში და სხვა რეგიონებში,   თანამედროვე მოლეკულურ-გენეტიკური და კომპიუტერული მოდელირების ლაბორატორია.
ინსტიტუტი ახორციელებს სამ გრძელვადიან კვლევით პროგრამას: მაღალმთის ეკოსისტემების კვლევის, მსხვილი ძუძუმწოვრების ეკოლოგიის და კონსერვაციის, რაოდენობრივი ეკოლოგიის და ევოლუციური კვლევის. ამ პროგრამების ვრცელ დახასიათებას გაეცნობით ”მიმდინარე კვლევების” გვერდზე.

ინსტიტუტი ამზადებს მაგისტრანტებს ეკოლოგიის სამაგისტრო პროგრამით, სადაც სასწავლო კურსები მჭიდროდაა გადაჯაჭვული იმ კვლევებთან, სადაც სტუდენტები სრულუფლებიანი მონაწილეები არიან.  მათ შორის ბევრია პრაქტიკული კურსი, რომლებიც ველზე და ზღვაზე მუშაობას ითვალისწინებს - სტუდენტები სწავლობენ ცხოველებისა და მცენარეების საველე კვლევის მეთოდებს, მონაცემთა დამუშავებას კომპიუტერის დახმარებით, გეოგრაფიულ მოდელირებას, გენეტიკური მეთოდების გამოყენებას და მრავალ სხვას.


© 2013 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.
საიტი დამზადებულია ITDC–ს მიერ
საიტის განახლების თარიღი  :   2014-04-23