სტუდენტური სერვის-ცენტრი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010 წლიდან ფუნქციონირებს  სტუდენტური სერვის ცენტრი. ცენტრის მიზანია უნივერსიტეტის მთავარ ამოცანებს, სწავლებასა და კვლევას, კულტურული განზომილება შესძინოს; გააფართოვოს და გააღრმავოს ურთიერთობები უნივერსიტეტის საზოგადოების წევრებს (სტუდენტებს, დოქტორანტებს, ადმინისტრაციის, პროფესორ/მასწავლებლების, მკვლევარების) შორის.  

სტუდენტურ სერვის ცენტრი მასში შემავალი განყოფილებების აქტიური მუშაობის საფუძველზე ცდილობს უნივერსიტეტის საზოგადოებას გაუმარტივოს აკადემიური მიზნების განხორციელება და დატვირთოს მათი ცხოვრება საინტერესო იდეების, ღონისძიებებისა და პრაქტიკული გამოცდილების წყაროთა სიუხვით.

ცენტრი ორი განყოფილებისაგან შედგება:

1.სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილება

განყოფილების უფროსი და თანამშრომლები უზრუნველყოფენ სტუდენტებს მათი ინტერესების, სპეციალობების, ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით შესაფერისი ვაკანსიების, სტაჟირების, საუნივერსიტეტო, სახელმწიფო თუ საერთაშორისო სტიპენდიების, კონფერენციებისა და სემინარების შესახებ ინფორმაციის მოძიებითა და მიწოდებით. შედეგად, სტუდენტს უმარტივდება კონკრეტული ვაკანსიის/პროგრამის მოძიება/არჩევა და მოკლე დროში მისთვის სასურველ სფეროში გამოცდილების მიღება.

განყოფილების ერთერთი მიზანია სტუდენტებისათვის იმ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაზიარება, რომლებიც გაუადვილებთ მათ სამუშაო ადგილების მოძიებას. აქედან გამომდინარე, განყოფილების თანამშრომლები სტუდენტებს სთავაზობენ ყოველთვიურ ტრენინგებს და ასწავლიან CV/რეზიუმეს, სამოტივაციო და სარეკომენდაციო წერილების შედგენას, უვითარებენ პრაქტიკულ/სამუშაო ქცევის წესებს და ამზადებენ დამქირავებელთან გასაუბრებისათვის. ასევე, ეხმარებიან სააპლიკაციო ფორმებისა და სხვა სავალდებულო დოკუმენტების შევსებაში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, პროფესორისგან დახასიათების მიღებაში.

2.კულტურისა და სპორტის განყოფილება

განყოფილების უფროსი და თანამშრომლები კოორდინაციას უწევენ მიმდინარე კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს (ექსკურსიები, სპორტული შეჯიბრებები და ა.შ.).
განყოფილება საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა კულტურულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შედეგად სტუდენტებს უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით სთავაზობს მიმდინარე კულტურულ ღონისძიებებზე დასწრების ბილეთებს და ამით ცდილობს სტუდენტური ცხოვრება უფრო ლამაზი, საინტერესო და სახალისო გახადოს.

იმისათვის, რომ დეპარტამენტი „სტუდენტური სერვის-ცენტრი“ გახდეს თქვენი ცხოვრების თანამგზავრი და ყოველდღიურად ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღოთ ინფორმაცია ზემოთ აღნიშნული სიახლეების შესახებ, საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია სტუდენტური სერვის-ცენტრში. რეგისტრაციისათვის მოგვმართეთ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით სამუშაო საათებში,  ოთახი № C 219, თან იქონიეთ სტუდბილეთი.

გამოიყენეთ უნივერსიტეტში სწავლების დრო იმისათვის, რომ მაქსიმალურად განავითაროთ საკუთარი შესაძლებლობები როგორც აკადემიურ, აგრეთვე არააკადემიური მიმართულებით. ჩვენი დეპარტამენტი მაქსიმალურ დახმარებას აღმოგიჩენთ,  დაინტერესების შემთხვევაში. დეპარტამენტის მუშაობა პირდაპირ არის დაკავშირებული თქვენს აქტიურობაზე. ამდენად, გთხოვთ იაქტიუროთ და დაგვეხმაროთ ჩვენ, რათა შევძლოთ თქვენი დახმარება.

გიორგი ჩანტლაძე
სტუდენტურ სერვის ცენტრის უფროსი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ოთახი C 220
ტელ.: 599 89 96 66; 2 29 47 11


© 2013 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.
საიტი დამზადებულია ITDC–ს მიერ
საიტის განახლების თარიღი  :   2014-09-19